5 ივლისს დაჭრილ ტურისტს ეკონომიკის სამინისტრომ და საპარტნიორო ფონდმა "ძალების აღსადგენად" ლიკანის სასტუმროში სარეაბილიტაციო კურსი შესთავაზა. ეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
მინისტრი ამბობს, რომ მომხდარი სამწუხარო ფაქტია, თუმცა "ასეთი შემთხვევები ნებისმიერ დიდ ქალაქში ხდება".
"მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლონელი ტურისტის დაჭრა. ზოგადად, ნებისმიერი ინციდენტის მიმართ ტურისტული ინდუსტრია სენსიტიურია, მაგრამ მნიშვნელოვანია რეაგირება და ძალიან მყისიერი რეაგირება მოჰყვა ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ნებისმიერი დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და "საპარტნიორო ფონდმა" ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი ლიკანის სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები",- აცხადებს თურნავა.
5 ივლისს ხეთაგუროვზე ტურისტი დაჭრეს .
როგორც თვითმხილველმა ფორმულას უთხრა, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.
დანაშაული სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც "ღირსების მარშის" ჩაშლის საბაბით დედაქალაქში მოძალადეები უკონტროლოდ დარბოდნენ და მედიას და მოქალაქეებს უსწორდებოდნენ, თუმცა, გუშინ, 8 ივლისს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მომხდარს დაჭრას ძალადობრივ ჯგუფებთან არანაირი კავშირი არ აქვს და შემთხვევა ყოფით ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.